სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში (MSFS)

MSFS-ის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, განურჩევლად სქესისა, გახდნენ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში მოღვაწე კრეატიული ლიდერები.

MSFS არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ უოლშის საგარეო საქმეთა სკოლის უძველესი პროფესიული სამაგისტრო პროგრამა. მისი მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, განურჩევლად სქესისა, გახდნენ კრეატიული ლიდერები საერთაშორისო ურთიერთობების საჯარო, კერძო თუ არაკომერციულ სექტორებში. სკოლის დამფუძნებლის, ედმუნდ უოლშის, ხედვისა და მიზნის გათვალისწინებით, MSFS ცდილობს თავის სტუდენტებს ჩაუნერგოს საერთაშორისო საზოგადოებისადმი პროფესიული თავდადება და საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკური განზომილების პატივისცემა.

 

ჩვენ შესახებ

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სკოლას საერთაშორისო ურთიერთობებში პირველი ხარისხი ჯერ კიდევ1922 წელს მიენიჭა – ბევრად ადრე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ტერმინ “საგარეო საქმეთა სამსახურს” შემოიღებდა. ამ პირველი წოდების მინიჭების შემდეგ, 3000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა MSFS-ის პროგრამა. პროგრამის კურსდამთავრებულებს, როგორც წესი, აქვთ წარმატებული კარიერა ეროვნულ მთავრობებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძო კომპანიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებში.

დღეს MSFS აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პროგრამა მსოფლიოში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სკოლის სამაგისტრო პროგრამები სახელდება ნომერ პირველ სამაგისტრო პროგრამებად საერთაშორისო ურთიერთობებში ჟურნალ Foreign Policy-ის მიერ.

თითოეული სტუდენტის მიმართ ყურადღება წარმოადგენს MSFS პროგრამის დამახასიათებელ ნიშანს. გარდა ამისა, კლასში სტუდენტთა მცირე რაოდენობა, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის არსებული ურთიერთობები და პროფესიული თუ მეგობრული კავშირები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგაც გრძელდება, პროგრამას განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს ხდის. MSFS-ის დადებით მხარეებში ასევე შედის პროგრამის გამორჩეული ფაკულტეტი, უნივერსიტეტის მდებარეობა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში და მულტიდისციპლინარული სასწავლო გეგმა, რომელიც პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად, მოიცავს სტაჟირებასა და საველე გამოცდილებებს.

 

სასწავლო გეგმა და ინსტრუქტორთა გუნდი

კარიერა საერთაშორისო ურთიერთობებში საჭიროებს სპეციალურ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც სცდება ტრადიციული აკადემიური დისციპლინების საზღვრებს. MSFS პროგრამა ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის მულტიდისციპლინარული კურსების მეშვეობით, რომლებიც აერთიანებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. პროგრამის სასწავლო გეგმა მოიცავს:

  • ორწლიან პროგრამას სრული დატვირთვით;
  • მცირე სასწავლო ჯგუფებს, ინტერაქტიულ სწავლებასა და სწავლას;
  • სავალდებულო კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დინამიური და ცვალებადი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის შესახებ მრავალფეროვანი ცოდნის მოპოვებას;
  • მოწინავე კურსებს ეკონომიკაში, ისტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებასა და ბიზნესში, ისევე როგორც ინტენსიურ ტრენინგ კურსებს რაოდენობრივ მეთოდებში, ანალიტიკურ უნარებ-ჩვევებსა და უცხო ენებში;
  • პროფესიული კონცენტრაციის ოთხი სფეროდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას: გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოება; საერთაშორისო განვითარება; გლობალური ბიზნესი, ფინანსები და საზოგადოება; და მეცნიერება, ტექნოლოგიები და საერთაშორისო ურთიერთობები.

MSFS-ის ფაკულტეტი შედგება აკადემიკოსთა და პრაქტიკოსთა გუნდისაგან. MSFS-ის აკადემიურ გუნდში შედიან შემდეგი პროფესორები: ჩარლზ კუპჩანი, ვიქტორ ჩა, კეტლინ მაკნამარა, ჯონ მაკნილი, კაროლ ლანკასტერი, თეოდორ მორანი და სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. ასოცირებული პროფესორების შემადგენლობაში შედიან მსოფლიო ბანკის, Citigroup-ის, Exxon- ის, ITT- ის, McKinsey- ის, Austin Sidley-ის, FINCA-ს და გაზეთ Knight Ridder-ის აღმასრულებელი წევრები.

 

პროგრამაზე მიღება

ყოველწლიურად, MSFS სტუდენტურ ჯგუფს უერთდება გულდასმით შერჩეული 100 ახალგაზრდა – მომავალი ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

MSFS აცნობიერებს სტუდენტთა შორის მრავალფეროვნების მნიშვნელობას. ზოგადად, პროგრამაში ჩარიცხულ ამერიკელ სტუდენტთა 25% მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია, ხოლო 30-40% უცხო ქვეყნის მოქალაქე. სხვადასხვა წარმოშობისა და გამოცდილების მქონე სტუდენტთა მიერ ერთმანეთში აზრთა მიმოცვლა აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ეფექტური ცოდნისა და ტრენინგის მისაღებად. პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, როგორც წესი, საშუალოდ ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და 26-27 წლისები არიან.

საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ ზუსტად იგივე შესაძლებლობები MSFS-ში მიღებისა და სტიპენდიის მოსაპოვებლად, როგორც ამერიკელ სტუდენტებს: სპეციფიკური ქვეყნებისათვის არ არის დაწესებული გადასახადი და ყველა ქვეყნის აპლიკანტი განიხილება ფინანსური დახმარების მიღების კანდიდატად. „როგორ ჩავაბაროთ“ სექციაში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას სტანდარტიზებული ტესტების შესახებ, რომლებიც იმ კანდიდატებმა უნდა დაწერონ, ვისთვისაც ინგლისური არ წარმოადგენს მშობლიურ ენას. „ფინანსური დახმარების“ სექციაში კი მოცემულია საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური საინფორმაციო ბმულები.

 

პროგრამაზე მიღების მოთხოვნები

  • მაღალი აკადემიური მოსწრება, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული მიღწევები/ამ სფეროსთან დაკავშირებული აკადემიური და სამუშაო გამოცდილება;
  • ბაკალავრის დიპლომი აკრედიტირებული უნივერსიტეტიდან (ან მისი ექვივალენტი), რომელიც მიუთითებს აპლიკანტის შესაძლებლობაზე წარმატებით განაგრძოს სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე;
  • მაკროეკონომიკისა და მიკროეკონომიკის კურსები, ორივე საბოლოო შეფასებით B- ან უკეთესი. შესაძლებელია, აპლიკანტი პირობითად იქნას მიღებული პროგრამაზე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება;
  • სტანდარტიზებული ტესტის შედეგები:
    1. აპლიკანტებმა, რომლებსაც არ აქვთ ბაკალავრის დიპლომი მოპოვებული იმ აკრედიტირებული უნივერსიტეტებიდან, რომლებშიც სწავლა ინგლისურ ენაზე წარმოებს, უნდა გაიარონ TOEFL (მინიმალური ქულა – 100) ან IELTS (მინიმალური ქულა – 7.0) ინგლისური ენის გამოცდა. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია სტანდარტიზებული ტესტების შესახებ.
    2. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა აპლიკანტს, წარადგინონ GRE, GMAT, ან – სტუდენტებისთვის, რომლებთაც სურთ ჩარიცხვა გაერთიანებულ MSFS/JD პროგრამაზე – LSAT ქულები, როგორც მათი სააპლიკაციო განაცხადის ნაწილი. ამ გამოცდების (GRE, GMAT და/ან LSAT) ქულების წარდგენა არ არის საჭირო, მაგრამ მკაცრად რეკომენდირებულია.
  • მშობლიური ენის გარდა, სხვა ენის ცოდნის დემონსტრირება;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც თქვენ ნათლად განმარტავთ თქვენს მოტივაციას MSFS-ის პროგრამაზე სწავლასთან დაკავშირებით და ხსნით, თუ როგორ დაგეხმარებათ ეს პროგრამა კარიერულ წინსვლაში.
    რეკომენდაციები კონკურენტულ აპლიკაციასთან დაკავშირებით
  • პროგრამაში ჩარიცხვამდე, იმუშავეთ, ისწავლეთ ან გაემგზავრეთ მოხალისედ ერთი წლით ან მეტით საზღვარგარეთ;
  • დასაფასებელი იქნება თქვენი ინტერესის სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების ქონა. მაგალითად, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ განვითარების ან კონფლიქტის სფეროთი, სასარგებლო იქნება გამოცდილების ქონა მსოფლიოს განვითარებად ან კონფლიქტურ რეგიონებში;
  • გამოსადეგია სტატისტიკასა და მათემატიკაში განვლილი კურსები.

 

კარიერა

MSFS პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიცემა და დაეხმაროს მათ საგარეო საქმეთა სკოლაში საჭირო რესურსების მობილიზებაში. MSFS-ში სწავლის დროს, სტუდენტებს უყალიბდებათ საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მულტიდისციპლინარული მიდგომა, რაც მათ ეხმარებათ, სწავლის დამთავრების შემდეგ წარმატებული კარიერა მოიპოვონ. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სკოლაში შეძენილი უნარ-ჩვევები მათ შესაძლებლობას აძლევთ დაამყარონ პირადი კონტაქტები, როგორც პროგრამის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო და კლასგარეშე აქტივობების მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა და კვლავწარმოება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც საჯარო და კერძო სექტორებში (აშშ-ს მთავრობასთან თუ უცხოეთში), ასევე არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებში.

MSFS-ის კურსდამთავრებულები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ორგანიზაციებში და საჯარო, კერძო თუ არაკომერციულ სექტორებში. MSFS-ის კურსდამთავრებულებს აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები და გამოცდილება, რასაც მოწმობს დამსაქმებელთა მრავალრიცხოვანი რაოდენობა, რომლებიც ყოველწლიურად იყვანენ სამსახურში ჩვენს კურსდამთავრებულებს. MSFS-ის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება მათ ეხმარებათ ცვლილებებთან ადაპტირებასა და მრავალფეროვან გარემოში დასაქმებაში.

დღეს, აშშ-ს მასშტაბით, MSFS-ის კურსდამთავრებულები მოიძებნებიან სამთავრობო უწყებებში, კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, MSFS-ის კურსდამთავრებულთა 95%-ზე მეტმა შეძლო სტაბილური სამსახურის პოვნა სწავლის დასრულებიდან ექვსი თვის მანძილზე. კურსდამთავრებულების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ სექცია „ჩვენ კურსდამთავრებულთა კარიერის“ შესახებ.